როგორ შეიცვალა საინფორმაციო ჟანრის ტელეყურების მაჩვენებელი ომის პერიოდში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომმა, მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც მსოფლიო, ასევე ქართული სატელევიზიო სივრცის რეალობა. 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა პირველი იერიში მიიტანა უკრაინაზე და დაიწყო სამხედრო მოქმედებები, საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა და გახდა დამოკიდებული ყოველდღიურ ახალ ამბებზე. შესაბამისად, ტელევიზიების მხრიდანაც იმატა საინფორმაციო და პოლიტიკური ჟანრის სატელევიზიო გადაცემების ხანგრძლივობამ. 24 თებერვლიდან 30.01.2022-23.02.2022 პერიოდთან შედარებით, ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ხანგრძლივობამ მთლიან სატელევიზიო სივრცეში მოიმატა 20%-ით, მაყურებლის მხრიდან კი ამ ჟანრის სატელევიზიო გადაცემების ყურებამ - 109%-ით. ომის პერიოდში მოიმატა ახალგაზრდა თაობის მაყურებელთა პროცენტულმა რაოდენობამ, რომელმაც უფრო მეტი დროის გატარება დაიწყო ტელეეკრანებთან საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების საყურებლად. 95%-ით მოიმატა 18-დან 44 წლამდე კაცების ყურების მაჩვენებლმა, ხოლო 100%-იანი ზრდა ქონდა ამავე ასაკის ქალების ყურების მაჩვენებელს. ასევე გაიზარდა ამ ჟანრის გადაცემების ყურება როგორც თბილისში, ასევე  რეგიონში. თბილისში 24 თებერვლიდან 30.01.2022-23.02.2022 პერიოდთან შედარებით აღნიშნული ჟანრის ყურება 77%-ით, ხოლო რეგიონში 75%-ითაა მომატებული.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ტელეარხები, რომლებიც 30.01.2022-23.02.2022 პერიოდთან შედარებით საეთერო ბადეში გაცილებით მეტ დროს უთმობენ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოუებს. 76%-ით გაიზარდა აღნიშნული ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობამ „რუსთავი 2“-ზე, იმატა ამ ჟანრის გადაცემების ყურების მაჩვენებელმაც 103%-ით. მაყურებლის მხრიდან საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოების ყურების მაჩვენებელი „ფორმულაზე“ 150%, ხოლო „ტვ პირველზე“ 112%-ითა გაზრდილი. „მთავარ არხზე“ საინფორმაციო ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობამ 64%-ით მოიმატა,  ხოლო საინფორმაციო გამოშვებების ყურების მაჩვენებლი 94%-ით გაზარდა. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, მათ საინფორმაციო გამოშვებების ხანგრძლოვობა 30.01.2022-23.02.2022 პერიოდთან შედარებით 51%-ით გაზარდეს,  აღნიშნული ჟანრის ყურებამ კი არხზე 63%-ით მოიმატა.

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით. პერიოდი: 30.01.2022-20.03.2022

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 23 March, 2022