"ტრი მედია ინტელიჯენსისა" და "კანტარ მედიას" ერთობლივი კონფერენცია

27 თებერვალს, სასტუმრო „რამადა ენკორში“, ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს „ტრი მედია ინტელიჯენსისა“ და „კანტარ მედიას“ წარმომადგენლებმა. კონფერენციის ძირითიადი საკითხები ეხებოდა სიახლეებს და გამოწვევებს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით და ასევე იმ სიახლეებს, რომლის განხორციელებასაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ გეგმავს პანელის გაფართოების მიმართულებით. 

კონფერენცია „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორმა, ანა ლორთქიფანიძემ გახსნა. როგორც მან განაცხადა, „კანტარ მედიას“ წარმომადგენლებს საქართველოში 40-ზე მეტი ვიზიტი აქვთ განხორციელებული და „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დიდი სურვილი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაეკეთებინა შეხვედრა მის ხელმომწერებსა და „კანტარ მედიას“ წარმომადგენლებს შორის. 

„კანტარ მედიას“ მხრიდან კონფერენციას ორი წარმომადგენელი ესწრებოდა: კელდ ნილსენი - ინდუსტრიული კომიტეტებისა და სავალუტო სერვისების გლობალური დირექტორი და ევგენია მოლჩინა - ბიზნესის განვითარების საერთაშორისო დირექტორი. 

როგორც კელდ ნილსენმა განაცხადა: „ძალიან მოხარული ვარ რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში და ძალიან ვაფასებ თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო 5 წლის განმავლობაში“. ბატონმა ნილსენმა ისაუბრა „კანტარ მედიას“ შესახებ, იმ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომლითაც მიმდინარეობს აუდიტორიის გაზომვა მსოფლიო მასშტაბით და ჩაუტარა დამსწრე საზოგადოებას პატარა ექსკურსი, თუ როგორ ვითარდებოდა „კანტარ მედიას“ ტექნოლოგია და მეთოდოლოგია. როგორც მან აღნიშნა: „ჩვენ ვმუშაობთ 92 მსოფლიოში ყველაზე დიდ რეკლამის განმთავსებელთან. ჯამში „კანტარ მედიას“ პანელები მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს 88 მილიონ ადამიანს.“  

ბიზნესის განვითარების საერთაშორისო დირექტორმა, ევგენია მოლჩინამ ისაუბრა „კანტარ მედიასა“ და „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ერთობლივ გეგმებზე, რომელიც ეხება პანელის გაზრდას იმგვარად, რომ კვლევამ მოიცვას მთელი საქართველოს ტელეყურების ხასიათი. როგორც მან აღნიშნა: „იმის პარალელურად, რომ „ტრი მედია ინტელიჯენსი“  მის ყოველდღიურ საქმიანობას ბრწყინვალედ ართმევს თავს, ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, როგორ გავაუმჯობესოთ სერვისი, როგორ გავხადოთ ის კიდევ უფრო უკეთესი. აქედან გამომდინარე, ამჟამად ვფიქრობთ და განვიხილავთ პანელის გაფართოებას“. 

ამჟამად „ტრი მედია ინტელიჯენსის“ საკვლევი პანელი ფარავს თბილისაა და 6 დიდ ქალაქს, სადაც მოსახლეობა აღემატება 40 ათას ადამიანს. იგეგმება პანელის გაზრდა იმგვარად, რომ მოცული იყოს მთელი საქართველოს ყურების ხასიათი, როგორც ქალაქად, ისე სოფლად. ევგენია მოლჩინას განცხადებით, გაზრდილი პანელი დაეხმარება როგორც კომერციულ არხებს, ისე სახელმწიფო ისნტიტუტებსა და სარეკლამო სააგენტოებს, მიიღონ უფრო დაზუსტებული მონაცემები ტელეყურების შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ამით მეტად ეფექტურად განსაზღვრონ თავისი სოციალური კამპანიისა თუ გადაცემის ეფექტურობა. ქალბატონმა მოლჩინამ ასევე ისაუბრა პანელის გაზრდის მაგალითებზე სხვა ქვეყნებში სადაც არის წარმოდგენილი „კანტარ მედია“ და აღნიშნა თუ რა დადებითი გავლენა იქონია პანელის გაზრდამ ინდუსტრიისთვის ამ ქვეყნებში. 

კონფერენციის ბოლოს, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება დაესხვა კითხვები „კანტარ მედიას“ ექსპერტებისათვის და „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორისათვის.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 12 March, 2020