საბაზისო კვლევა

საბაზისო კვლევის მიმოხილვა

სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის დაწყებამდე აუცილებელია საბაზისო კვლევის ჩატარება.

საბაზისო კვლევა წარმოადგენს შინამეურნებების გამოკითხვას, რომლის დანიშნულება სამიზნე ჯგუფების სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლების, ტელემაყურებლების ქცევისა და სატელევიზიო პროდუქტების მოხმარების კანონზომიერებების დადგენა არის. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პანელის მახასიათებლების და წონების განსაზღვრა. საბაზისო კვლევის დამატებითი დანიშნულება პანელის პოტენციური მონაწილეების შერჩევაც გახლავთ - კვლევის დროს შერჩეულ შინამეურნეობებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე და აკმაყოფილებენ საჭირო დემოგრაფიულ კრიტერიუმებს, ტი-ემ-აი-ს პანელში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.

საბაზისო კვლევის მოცულობა საკმარისად წარმომადგენლობითი უნდა იყოს, რათა მაღალი სიზუსტით განისაზღვროს სამიზნე აუდიტორიის სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები. საბაზისო კვლევის რეგულარული ჩატარება მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ კვლევით კომპანიას ხელი მიუწვდებოდეს საკმარისი რაოდენობისა და მრავალფეროვანი სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლების მქონე შინამეურნეობებზე სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელისთვის. „კანტარ“-ის მიერ შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, საბაზისო კვლევები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს პანელის მონაცემების, აგრეთვე პანელში მონაწილე შინამეურნეობების განახლებისთვის. საბაზისო კვლევის რეგულარულად ჩატარება მკვლევარებს აგრეთვე საშუალებას აძლევს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის დროს გაითვალისწინონ სატელევიზიო ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება, სატელევიზიო კონტენტის მიღების მოწყობილობათა გავრცელებულობის ცვლილება და სატელევიზიო აუდიტორიის ცვალებადი სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები.

სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის და პანელის ფორმირების დაწყების წინ მიზანშეწონილია საბაზისო კვლევის დროს გამოკითხული შინამეურნეობების რაოდენობა დაგეგმილი პანელის ათმაგი მოცულობის იყოს. შემდგომში შესაძლებელია პანელის ხუთმაგი მოცულობის კვლევების ჩატარებაც. საბაზისო კვლევის გენერალური ერთობლიობა, ისევე როგორც „ტი-ემ-აი“-ს სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის პანელი, საქართველოს 7 ქალაქს მოიცავს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 40 ათასს : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი და ზუგდიდი. ამ ქალაქებში საქართველოს ურბანული მოსახლეობის 65%-მდე ცხოვრობს და თავმოყრილია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის დაწყებამდე „ტი-ემ-აი“-მ პანელის მოცულობის ათმაგი კვლევა 2015 წლის მაისსა და ივნისში ჩაატარა. საველე სამუშაოები კვლევითმა კომპანია GORBI-მ განახორციელა. 2015 წელს რესპონდენტები შემთხვევითად შეირჩნენ შერჩევის ალბათური მეთოდების გამოყენებით, ხოლო გამოკითხვა კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვის მეთოდით განხორციელდა. GORBI-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით საველე სამუშაოების ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა GPS მოწყობილობით. მთლიანობაში გამოიკითხა 6600 რესპონდენტი (თბილისში 3000, ხოლო დანარჩენ 6 ქალაქში - 3600 რესპონდენტი).

2016 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა პანელის ძირითადი ბირთვი, საუკეთესო პრაქტიკებისა და ქართული სატელევიზიო ინდუსტრიის მიერ დაწესებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, „ტი-ემ-აი“ ყოველწლიურად პანელის ხუთმაგი ოდენობის კვლევებს ატარებს. კვლევის დროს შინამეურნეობები შემთხვევითი პრინციპის მიხედვით ირჩევა (45% თბილისში, 55% კი დანარჩენ ექვს ქალაქში). 2021 წლიდან დაგეგმილია „ტი-ემ-აი“-ს პანელის გაზრდა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს წარმომადგენლობითი მონაცემების მიღება. პანელის განახლების გამო, საბაზისო კვლევის ჩატარების მასშტაბი და გეოგრაფია შეიცვლება. თბილისისა და დანარჩენი ექვსი დიდი ქალაქის გარდა შინამეურნეობების გამოკითხვა საქართველოს სხვა საქალაქო და სასოფლო დასახლებებშიც ჩატარდება. პანელის საჭიროებებისა და ქართული სატელევიზიო აუდიტორიის მახასიათებლების გათვალისწინებით, საბაზისო კვლევა ამ ახალ გეოგრაფიულ არეალში მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებში ჩატარდება, სადაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე.

საბაზისო კვლევის კონტექსტში შინამეურნეობად განისაზღვრება ადამიანების ერთობა, რომლებიც  ცხოვრობენ ერთ საცხოვრისში და იზიარებენ საერთო ბიუჯეტს. საცხოვრისად განისაზღვრება სახლი ან ბინა, რომელსაც აქვს საკუთარი სამზარეულო. თუ კონკრეტულ ფართში მცხოვრებთ არ აქვთ საკუთარი, მხოლოდ პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი სამზარეულო (მაგალითად, პაციენტი საავადმყოფოში/კლინიკაში, ან ჯარისკაცი, რომელიც ყაზარმაში ცხოვრობს), მაშინ ფართი არ ჩაითვლება საცხოვრისად საბაზისო კვლევის კონტექსტში. შინამეურნეობის შერჩევის შემდეგ ინტერვიუ შინამეურნეობაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღებ ან ყველაზე მეტად ინფორმირებულ წევრთან ტარდება, რომელსაც შეუძლია ამომწურავად გასცეს პასუხი კითხვებს, რომლებიც ეხება შინამეურნეობაში ტელევიზორების რაოდენობას, სატელევიზიო სიგნალის მიღების წყაროებს, სატელევიზიო არხების ყურებას; აგრეთვე შინამეურნეობის სხვა წევრების სოციო-ეკონომიკურ მასახიათებლებს. ინტერვიუს დასასრულს, გროვდება ინფორმაცია შინამეურნეობის წევრების რომელიმე სხვა პანელურ კვლევაში ჩართულობის ან დასაქმებაზე კვლევით, სარეკლამო ან მედია ორგანიზაციაში; საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის დაკავების ან პოლიტიკური პარტიის წევრობის შესახებ. პანელის მიუკერძოებლოებისა და ინტერესთა კონფილქტების თავიდან აცილების მიზნით, ასეთი შინამეურნეობები არ განიხილებიან „ტი-ემ-აი“-ს პანელის პოტენციურ მონაწილეებად. საბაზისო კვლევაში მონაწილე შინამეურნეობების პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცულია და რეგულირდება „კანტარ“-ის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით.

საბაზისო კვლევის მოსამზადებელი სამუშაოების, კვლევის დიზაინისა და ინსტრუმენტის შემუშავების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის პროცესში „კანტარ“-ის სტატისტიკოსები აქტიურად არიან ჩართული. მონაცემების ანალიზის საბოლოო ეტაპზე სწორედ მათ მიერ ხდება პანელის პარამეტრების დაანგარიშება და შეწონვის ალგორითმის შემუშავება. 

Error