საქართველო 0:1 ჩრდილოეთ მაკედონია

12 ნოემბერს გაიმართა ევრო 2020 პლეი-ოფის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ეთამაშებოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები. ანგარიში 0:1 დასრულდა, ჩრდილოეთ მაკედონიის სასარგებლოდ. 

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო თამაშმა სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ჩაიარა. 

მატჩის ტრანსლირება მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ის წუთში საშუალოდ 256 ათასმა მაყურებელმა ნახა. ტრანსლირება 1 საათი და 53 წუთი მიმდინარეობდა. მატჩის მსვლელობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების  46% მიმართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

მატჩს დასაწყისში წუთში საშუალოდ 210 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო თანდათან აუდიტორია გაიზარდა და ყველაზე მაღალ ნიშნულს 288 ათასს, 21 საათსა და 42 წუთზე, შეხვედრის დასასრულს მიაღწია. 15 წუთიანი შესვენების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მაყურებლის რაოდენობა 96 ათასამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დაწყებიდან 11  წუთში ჩრდილოეთ მაკედონიამ გოლი გაიტანა, მატჩის ტელეყურება არ შემცირებულა და მაყურებელი ტრანსლირების ბოლომდე დარჩა ეკრანებთან. 

 

გრაფიკი 1.  საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპა 2020 პლეი-ოფის ფინალური მატჩის ტელეყურების წუთობრივი დინამიკა, წარმოდგენილი RTG(000).

 

 

ევრო 2020 პლეი-ოფის ფინალური მატჩის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 44%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 49% მიმართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. რაც შეეხება მატჩის აუდიტორიის ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი მაყურებელი 18-44 წლის ასაკობრივ სეგმენტში ჰყავდა. თამაშის სატელევიზიო აუდიტორიის 54%-ს კაცები, ხოლო 46%-ს ქალები შეადგენდნენ. 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ახდენს ტელეყურების გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზევით მყოფი ასაკის მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 13 November, 2020