ჩემპიონთა ლიგის ფინალი

გუშინ, 23 აგვისტოს, გაიმართა 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს ეასპარეზებოდა მიუნხნის „ბაიერნი“ და ფრანგული „პსჟ“. ანგარიში 1:0 დასრულდა „ბაიერნის“ სასარგებლოდ. 

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო თამაშმა სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ჩაიარა. საქართველოში აღნიშნული მატჩის ტრანსლირება მოხდა ”სილქ იუნივერსალზე“ და ის წუთში საშუალოდ 74 ათასმა მაყურებელმა ნახა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის ხანგრძლივობამ დაჯილდოვების ცერემონიის ჩათვლით 3 საათზე მეტხანს გასტანა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების  23% მიმართული იყო „სილქ იუნივერსალზე“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 26%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 20% მიმართული იყო "სილქ იუნივერსალზე". რაც შეეხება მატჩის აუდიტორიის ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი მაყურებელი მას 41-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. თამაშის სატელევიზიო აუდიტორიის  59%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო 41%-ს კი ქალბატონები.

 

მონაცემები ემყარება საქართველოს 7 ქალაქს (თბილისი, რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი), რომელთა გაზომვასაც ახდენს კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 24 August, 2020