"ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორის წერილი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო, 

მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენი კომპანიის განახლებულ ვებ-გვერდზე.

როგორც ერთხელ ამერიკელმა ისტორიკოსმა, დანიელ ბურსტინმა აღნიშნა: „არაფერია რეალური, სანამ ის ტელევიზორში არ მოხვდება“. დღეს-დღეობით ჩვენ ბევრი სხვადასხვა გაგებით ვცხოვრობთ პოსტ-მოდერნულ სამყაროში, სადაც რეალობას დიდწილად ტელევიზია აყალიბებს. შესაბამისად, დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვენლოვანია შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება  თუ  რა შინაარსის გადაცემები გადის ტელევიზიით და ვინ რა ინტენსივობით უყურებს ამ გადაცემებს. 

ჩვენი მიზანია, ვებ-გვერდის მეშვეობით შემოგთავაზოთ საინტერესო სტატიები, ფაქტები, მოკლე ჩანაწერები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ყურების ხასიათი  იმ  7 დიდ ქალაქში, სადაც „ტრი-მედია-ინტელიჯენსი“ ახორციელებს კვლევას.  

აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ სიახლის შესახებ, რომლის განხორციელებასაც გეგმავს „ტრი მედია ინტელიჯენსი“.   ჩვენი კომპანია ორიენტირებულია პროგრესსა და სიახლეების შემოტანაზე ქართული სატელევიზიო სივრცის გაზომვის ბაზარზე.  შესაბამისად „კანტარ მედიასთან“ კოლაბორაციაში შევიმუშავეთ გეგმა, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ პანელი იმგვარად, რომ მოვიცვათ მთელი საქართველოს ყურების ხასიათი. ეს დაეხმარება როგორც ტელევიზიებს თავიანთი მაყურებლის ხასიათის ქვეყნის მასშტაბით გაცნობაში, ასევე სარეკლამო სააგენტოებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ უკეთ განსაზღვრონ თავისი სოციალური კამპანიის თუ რეკლამის ეფექტურობა. 

 

გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, 

ანა ლორთქიფანიძე 

„ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორი 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 17 March, 2020