სტუმრის ყურება

მედიაკვლევები აჩვენებს, რომ ხალხს ტელევიზორის ჯგუფურად ყურება სიამოვნებას ანიჭებს. ზოგიერთი ავტორი ტელევიზორის ყურებას ჯგუფებში სოციალურ აქტივობად მოიხსენიებს, რადგან კონკრეტული სატელევიზიო პროგრამის ღირებულება  მის მიერ წარმოქმნილი სოციალური ინტერაქციების რაოდენობის გენერირებით ფასდება. ტელევიზორის ჯგუფურად ყურებას შეუძლია კომუნიკაციის პირდაპირი და ირიბი ფორმების განვითარების ხელშეწყობა. პირდაპირი კომუნიკაცია გულისხმობს  საღამოს კინოს ყურების შემდგომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარს, ხოლო ირიბი - ეს არის  კომუნიკაციის ის ტიპი, როდესაც ტელევიზორში ნანახს კოლეგებთან  განიხილავ ოფისში.

2008 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ჯგუფური ტელეყურების საღამოებს  მეგობრებთან ერთად სწორედ სოციალური ინტერაქციის საბაბით მართავდა. აღნიშნულ წვეულებებზე კი ყველაზე პოპულარული ჟანრები ანიმაცია, სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტალისტიკა, სათავგადასავლო და ე.წ. „რეალითი“ პროგრამები იყო. რესპონდენტთა კომენტარებიდან ირკვევა, რომ სატელევიზიო შოუებში ზოგიერთი მახასიათებელი უფრო მეტად  უწყობდა ხელს სოციალურ ურთიერთობებს, ვიდრე სხვები. ასევე,  რესპონდენტები ხშირად ახსენებენ მდარე ხარისხის ფილმებს, როგორც სოციალური ინტერაქციის ხელშემწყობ საშუალებას.

“ეჭვგარეშეა, რომ ტელევიზორის ყურება შეიძლება საუბრის წამოწყების  საბაბი იყოს“/ ticket to talk , რაც იმას გულისხმობს, რომ ტელევიზორის ყურება ადამიანებს გარკვეულ საკითხებზე მსჯელობის, ანუ  სოციალური ურთიერთობებისკენ უბიძგებს. 

მაუწყებელთა აუდიტორიის კვლევის საბჭოს (BARB) 2020 წლის მოხსენებაში საუბარია სტუმრის ტელეყურებაზე, რაც გულისხმობს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურებას, ბავშვების შეკრებას გასართობად და ა.შ. “BARB“-ის მონაცემების მიხედვით, ბრიტანეთში სტუმრის ყურება კვირაში დაახლოებით 9% იყო (ლოქდაუნის დაწყებიდან მაისის ბოლომდე). იმავე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ 2019 წელს, სტუმრის ყურება 21%-ს შეადგენდა. ეს ვარდნა გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ლოქდაუნით გამოწვეულ შეზღუდვებს მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაპატიჟებაზე. სტუმრის ყურების მაჩვენებლის კლება უქმე დღეებშიც დაფიქსირდა: “BARB“-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წლამდე აპრილი-მაისის ჩვეულებრივ კვირა დღეს სტუმრების ყურების მაჩვენებელი 8% იყო, რაც ლოქდაუნის პერიოდში 3%-მდე შემცირდა. 

“RSMB”-ის შემდგომი ანალიზის მიხედვით, ლოქდაუნის პირველი ათი კვირის განმავლობაში შინამეურნეობების საშუალოდ 18%-ში, სადაც სტუმრის ყურება დააფიქსირდა ერთი კვირის მანძილზე,  სტუმარი ტელევიზორს ყოველდღიურად უყურებდა. შედარებისთვის, 2019 წლის იმავე კვირების მაჩვენებელი მხოლოდ 5% იყო. ეს მიუთითებს ზოგიერთ სახლში გრძელვადიანი სტუმრების არსებობაზე, იქნება ეს სტუდენტი, რომელიც მოულოდნელად გამოდის უნივერსიტეტიდან, თუ მომვლელი, რომელიც გადადის პანელურ კვლევაში ჩართულ სახლში ლოქდაუნის პერიოდისთვის.

საქართველოში „ტრი მედია ინტელიჯენსი“ იყო პირველი, რომელმაც 2016 წლიდან, სატელევიზიო სივრცეში სტუმრის ყურების გაზომვა დაიწყო, ასევე პირველმა დაიწყო დროში წანაცვლებული ყურების გაზომვა და უკანასკნელი წლებია სარეკლამო დროც სწორედ 18+ სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით იყიდება. საქართველოში (01.01.2018-დან 01.06.2022-ის ჩათვლით) სტუმრის ყურების მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ს შეადგენს. პანდემიის პერიოდში კი სტუმრის ყურება 6%-დან მხოლოდ 5%-მდე შემცირდა. ეს ტრენდი განსხვავდება ბრიტანეთის მაგალითისგან, სადაც სტუმრის ყურება ლოქდაუნის პერიოდში 9%-დან 3%-მდეა შემცირებული.  აღსანიშნია, რომ საქართველოში პანდემიამდე 2018-2019 წლებში სტუმრის ყურების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 6% იყო, პანდემიის დაწყებიდან (2020 წელი) სტუმრის ყურება მხოლოდ 5%-მდე შემცირდა და 2021-2022 წლებშიც იგივე (5%) დარჩა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რეგულარული სტუმრების (მაგალითად, ქალიშვილი, რომელიც დაოჯახდა და კვლავ ხშირად სტუმრობს მშობლებს ან შვილიშვილები, მეზობელი) არსებობით. 

პანელში (ტრი მედია ინტელიჯენსის პანელი) არსებულ შინამეურნეობებში სტუმრის ყურების თვალსაზრისით, ქალების (61%) პროცენტული წილი კაცებთან (39%) შედარებით მაღალია. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, სტუმრის ყურების ყველაზე მეტი - 30%, 25-34 წლამდე ინდივიდებზე მოდის, ყველაზე დაბალი კი 55-64 წლამდე ინდივიდებზე (7%). 

უკანასკნელი 5 წლის (01.01.2018-დან 01.06.2022-ის ჩათვლით) მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს 7 ქალაქში სტუმრების ყურებით სერიალი და საინფორმაციო ჟანრი ლიდერობს. განსხვავებული ვითარება იყო მხოლოდ  2021 წელს, როდესაც საინფორმაციო გადაცემების ყურებას თოქ-შოუს ჟანრმა აჯობა.                         

საინტერესოა, სტუმრების  რაოდენობის მიხედვით  რომელი სატელევიზიო პროგრამები ლიდერობენ აღნიშნულ წლებში. 2018-2022  წლებში ყველაზე მეტი სტუმარი  „იმედი“-ს არხს უყურებდა.  2018 წელს  ყველაზე მეტმა, 34 000-მა სტუმარმა უყურა სერიალ „დედა“-ს. პირდაპირ ეთერში 2019 წელს პროგრამა  „ამინდი“ 29 000-მა სტუმარმა ნახა. 2020 წელს 42 000 სტუმარი პირდაპირ ეთერში უყურებდა სერიალს „ერთხელ ჩუქუროვაში“, ხოლო 2021 წელს 32 000  სტუმრის ყურებით ლიდერობს გადაცემა „იმედის კვირა“, რაც შეეხება მიმდინარე წელს, 1 ივნისის ჩათვლით სტუმრის ყურების რაოდენობით (16 000) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება გადაცემას  „ჩვენი შოუ“.

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 9 August, 2022