ომი და ტელევიზია

ომის დროს ხშირად ამბობენ, რომ მედია და განსაკუთრებით ტელევიზია ომის აგენტები არიან.  თითქმის ოცი წლის განმავლობაში მედია ისტორიკოსები აცხადებდნენ, რომ ომი არის ყველა მედიის მამა და რომ თანამედროვე მედიის ისტორია არის თანამედროვე ომის ისტორია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისტორიებს ისე გადმოსცემდნენ, როგორც მოძრავ ფოტოებს თეატრში. გადამღები ჯგუფები ძირითადად არასაბრძოლო ტერიტორიაზე რჩებოდნენ და ომის მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. რეპორტიორები ცუდ ამბებსაც კი ხალისიანი განწყობით აუწყებდნენ საზოგადოებას. 

მეორე მსოფლიო ომთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულად აშუქებდნენ ტელევიზიები ვიეტნამის ომს (1955-1975 წწ), რომელსაც პირველი სატელევიზიო ომი უწოდეს. ოპერატორები თითქმის მუდმივად საბრძოლო ზონაში იმყოფებოდნენ, ყოველდღიურად აშუქებდნენ, წერდნენ ისტორიებს ველზე. 

ზოგადად, ტელევიზიის ეპოქა სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანიის პოლონეთში შეჭრამდე, ოთხი თვით ადრე, 1939 წლის 30 აპრილს დაიწყო ნიუ იორკის მსოფლიო გამოფენის პირდაპირი ეთერით. ამ დროისთვის სულ რამდენიმე ასეული მოწყობილობა (ტელევიზორი) არსებობდა და მხოლოდ ერთი, “RCA”-ს ექსპერიმენტული სადგური “W2XBS” ნიუ-იორკში. პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ რუზველტის სიტყვა და სხვა, ამ დღესთან დაკავშირებული, აქტივობები გაშუქდა. მომდევნო დილას კი ნიუ-იორკის უნივერსამებში ტელევიზორები გაიყიდა და ტელევიზორის ეპოქაც დაიწყო.

ისტორიას რომ გადავხედოთ, სამაუწყებლო ქსელები კრიზისის დროს ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, რაც მათ რეიტინგზე დადებითად მოქმედებდა. მაგალითად, ერაყის ომის პერიოდში ახალი ამბების მაყურებელთა რიცხვმა 300%-ით მოიმატა, რის შედეგადაც “Fox News“-ს თავისი აუდიტორია მილიონზე ოდნავ მეტი მაყურებლიდან 5 მილიონ ნახევრამდე გაეზარდა.“CNN“-ის მაყურებელმა 3.3 მილიონს მიაღწია, ხოლო “MSNBC”-მა თავის აუდიტორია გააორმაგა.

ახალი ამბების სატელევიზიო პროგრამებზე მიჯაჭვულობის თუ მათი რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება თანამედროვე ეპოქაშიც, მაგალითად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა. რუსეთ-უკრაინის ომმა ახალი სატელევიზიო ამბებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების მიმართ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მაყურებელთა რიცხვმა ომამდელ პერიოდთან შედარებით მოიმატა, “Fox News” არხების ლიდერი გახდა, ხოლო  “CNN”-ის ტელეყურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

2022 წლის 23-დან 27 თებერვლამდე მთელი დღის განმავლობაში “Fox News”-ს საშუალოდ 2,32 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც 64%-ით მეტია იანვრის თვის  ახალ ამბებთან შედარებით. “CNN”-ის  იანვრის აუდიტორია კი 633 000-დან 1,75 მილიონამდე გაიზარდა, რაც 178%-ანი ზრდაა, ხოლო “MSNBC”  მაჩვენებელი 980,000 იყო ამ პერიოდისთვის, რაც 51%-ით მეტია იანვართან შედარებით. 

ზემოხსენებული მაჩვენებლები ავლენენ იმ ტენდენციას, რომ “CNN”-ის რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში - მაგალითად, როგორიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრა - იზრდება, ხოლო მისი კონკურენტები მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობითა და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

ომამდელ პერიოდთან შედარებით გაიზარდა პოლიტიკური თოქ-შოუების რეიტინგიც. “MSNBC”-ზეThe Rachel Maddow Show” (1,7 მილიონი მაყურებელი) და “The Last Word with Lawrence O’Donnell” (1,6 მილიონი მაყურებელი) ომამდელ რეიტინგების ტენდენციებს გაასწრო. “ABC’-ის “World News Tonight with David Muir“ კი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ იყო მთელ სატელევიზიო სივრცეში 28 თებერვლისთვის, 8.778 მილიონი მაყურებლით.  

ამერიკაში ახალი ამბების ყურების მაჩვენებლის ზრდა მარტის თვეშიც გაგრძელდა,  მაგალითად: მარტში  ახალი საკაბელო ამბების ყურება თებერვალთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და მისმა წილმა 21% შეადგინა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ამბების გაშუქებით იყო გამოწვეული. ასევე  პირდაპირმა ტრანსლაციებმა სრული სატელევიზიო მოხმარების ყველაზე მაღალი წილი მარტში აჩვენა და  ყურების დროის  30% დაიკავა.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც. ქართული არხების ნაწილი მაყურებელს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების  უწყვეტ ეთერს სთავაზობდა, რაც მათ რეიტინგზე დადებითად აისახა. რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებამ აჩვენა, რომ “CNN”-ის მსგავსად, „მთავარი არხი“-ს, „ტვ პირველი“-ს, „ფორმულა“-ს რეიტინგი განსაკუთრებული მოვლენების პერიოდში იზრდება, რა დროსაც სხვა ტელეარხები, მაგალითად, „იმედი“, მშვიდობიან პერიოდებში უფრო მეტი სტაბილურობით და რეიტინგის უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან (24.02.22-20.03.22) ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ხანგრძლივობამ მთლიან სატელევიზიო სივრცეში 20%-ით მოიმატა, მაყურებლის მხრიდან კი ამ ჟანრის სატელევიზიო გადაცემების ყურება 109%-ით გაიზარდა. ასევე ომამდელი პერიოდისგან განსხვავებული ქცევა შეინიშნება ახალგაზრდა აუდიტორიის მხრიდან, რომლებმაც ტელეეკრანებთან საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების საყურებლად მეტი დროის გატარება დაიწყეს. მაგალითად: 18-დან 44 წლამდე კაცების ყურების მაჩვენებელმა 95%-ით მოიმატა, ხოლო ამავე ასაკის ქალების ყურების მაჩვენებელს 100%-იანი ზრდა ჰქონდა. აღნიშნული ჟანრის გადაცემების ყურება გაიზარდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. თბილისში, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, აღნიშნული ჟანრის ყურება 77%-ით, ხოლო რეგიონში 75%-ითაა მომატებული ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით.

ტელევიზიები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, საეთერო ბადეში გაცილებით მეტ დროს უთმობდნენ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოუებს. მაგალითად: „რუსთავი 2“-ზე აღნიშნული ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობა ეთერში 76%-ით გაიზარდა, ხოლო ყურების მაჩვენებელი 103%-ით. საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ჟანრის თოქ-შოუების ყურების მაჩვენებელი „ფორმულაზე“ 150%, ხოლო „ტვ პირველზე“ 112%-ით არის გაზრდილი. „მთავარ არხზე“  საინფორმაციო ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობამ ეთერში 64%-ით მოიმატა,  ხოლო საინფორმაციო გამოშვებების ყურების მაჩვენებლმა 94%-ით. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, საინფორმაციო გამოშვებების ხანგრძლოვობა ომამდელ პერიოდთან (30.01.2022-23.02.2022) შედარებით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე  51%-ით გაზარდა, აღნიშნული ჟანრის ყურებამ კი არხზე 63%-ით მოიმატა. საინფორმაციო ჟანრისა და თოქ-შოუების  ხანგრძლივობა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გაიზარდა (67%), რამაც ამავე ჟანრის ყურების მაჩვენებლის 51%-იანი ზრდა განაპირობა. 

                                                                                              

                                                                         ავტორი: სოფიო მახარაძე

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ყურებას ზომავს. მონაცემები აღებულია Instar Analytics-დან, რომელიც მოიცავს 18 წელს ზემოთ მოსახლეობას, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით, 2022 წლის 30 იანვრიდან 2022 წლის 20 მარტის ჩათვლით. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • A Documentary Examines Cable News War Coverage, მოძიებულია 19 მაისი, 2022

https://niemanreports.org/articles/a-documentary-examines-cable-news-war-coverage/

  • Boredom and War: Television and the End of the Fun Society, მოძიებულია 18 მაისი, 2022

https://www.degruyter.com/document/doi/10.1515/9789048525621-008/pdf

  • Cable News Viewing Up 14% In March Driven By Ukraine War; Streaming Takes 30% Share But Less Time Spent As Total TV Usage Falls, მოძიებულია 20 მაისი, 2022

https://deadline.com/2022/04/nielsen-the-gauge-streaming-cable-news-russia-ukraine-war-tv-viewing-1235007155/

  • Russia's invasion of Ukraine sends news network ratings up, მოძიებულია 19 მაისი, 2022

https://abcnews.go.com/Business/wireStory/russias-invasion-ukraine-sends-news-network-ratings-83188734

  • Television During World War II: Homefront  Service, Military Success, მოძიებულია 18 მაისი, 2022

https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/08821127.1995.10731744?journalCode=uamj20

  • Ukraine Coverage Drives Ratings Gains For Cable News, But Broadcast Networks Draw Largest Audience, მოძიებულია 19 მაისი, 2022

https://www.forbes.com/sites/markjoyella/2022/03/08/ukraine-coverage-drives-ratings-gains-for-cable-news-but-broadcast-networks-draw-largest-audience/?sh=ed7bceb28019

  • Vietnam: The First Television War, მოძიებულია 18 მაისი, 2022

https://prologue.blogs.archives.gov/2018/01/25/vietnam-the-first-television-war/

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 25 May, 2022