თვითმმართველობის არჩევნები 2021

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში ქართული მედია საშუალებები უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ საარჩევნო უბნებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებს. ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას ტელეყურება გარკვეულწილად იცვლება. უმეტესწილად მაყურებელთა ქცევის ცვლილება ქვეყანაში მიმდინარე და განვითარებულ მოვლენებზე, აგრეთვე არჩევნების მნიშვნელოვნებაზე არის დამოკიდებული. იცვლებიან არჩევნების დღეს ყველაზე მეტად აქტუალური არხებიც. მაგალითად, საქართველოში ტელემაყურებლები არჩევნების დღეს სხვადასხვა არხს ანიჭებენ უპირატესობას: 2021 წელს ყველაზე მეტი მაყურებელი არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედს“ ჰყავდა, ხოლო შარშან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს, ყველაზე მეტი მაყურებელი „მთავარი არხის“ ეთერმა მოიზიდა. 

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს საქართველოს შვიდ უმსხვილეს ქალაქში ტელეკომპანია „იმედს“ წუთში საშუალოდ 44 ათასმა ადამიანმა უყურა, რაც 6 ათასით მეტია „მთავარი არხის“ მაყურებელთა რაოდენობაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს კი, 31 ოქტომბერს, „მთავარ არხს“ წუთში საშუალოდ 57 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო „იმედს“ - 48 ათასი. რაც შეეხება სხვა, ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზიო არხებს, მათი რიგითობა ბოლო ორი არჩევნების დროს არ შეცვლილა (გრაფიკი 1). 

გრაფიკი 1

გრაფიკზე გამოყენებული ცვლადი Rtg (000)

 

ქალაქების მიხედვით მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ 2 ოქტომბერს თბილისში „იმედს“ წუთში საშუალოდ 36 ათასმა მაყურებელმა უყურა, ხოლო „მთავარ არხს“ - 27 ათასმა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს კი თბილისში „იმედს“ 34 ათასი, ხოლო „მთავარ არხს“ წუთში საშუალოდ 41 ათასი მაყურებელმა ჰყავდა. შესწავლილი ძირითადი არხებიდან, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს“ ორივე არჩევნების დროს თბილისში ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა.

გრაფიკი 2

გრაფიკზე გამოყენებული ცვლადი Rtg (000)

 

შედეგები განსხვავებულია დანარჩენ ექვს ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი და გორი). ორივე არჩევნების დროს „მთავარ არხს“ ტელეკომპანია „იმედზე“ მეტი მაყურებელი ჰყავდა (გრაფიკი 3). აღსანიშნავია ისიც, რომ თუ 2020 წელს მესამე ყველაზე პოპულარული არხი „რუსთავი 2“ იყო, ამჟამად დანარჩენ ექვს ქალაქში ეს პოზიცია „ტვ პირველს“ უკავია. 

გრაფიკი 3

გრაფიკზე გამოყენებული ცვლადი Rtg (000)

 

2020 და 2021 წლის არჩევნების დროს ყველაზე პოპულარული არხების ხუთეულის შემადგენლობა მეტწილად უცვლელია. პირველობას ერთმანეთში „იმედი“ და „მთავარი არხი“ ინაწილებენ. წინა არჩევნებთან შედარებით, პოზიციებს თმობს „რუსთავი 2“, რომლის ადგილს თანდათანობით „ტვ პირველი“ იკავებს.

მონაცემები ემყარება საქართველოს 7 ქალაქს (თბილისი, რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი), რომელთა გაზომვასაც ახდენს კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“. მონაცემები აღებულია 18+ ასაკობრივი მოსახლეობისგან სტუმრების გათვალისწინებით/Live.

 

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 12 October, 2021