COVID-19-ის გავლენა ტელეყურებაზე

პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი - COVID-19 დღეს  მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. საინტერესოა, როგორ აისახა შექმნილი ვითარება ქართული ტელეყურების ქცევაზე.

თუ გავაანალიზებთ ტელეეთერს, თებერვლის ბოლოდან გაზრდილია საინფორმაციო გადაცემების წილი. ყველაზე დიდი რაოდენობის საინფორმაციო გადაცემები გავიდა 26 თებერვლის კვირას, როდესაც   საქართველოში პირველად დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. 9-15 მარტის პერიოდში გაზრდილია წამყვანი არხების დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემების ყურების მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით, წინა პერიოდთან შედარებით. 

ცვლილება შეეხო ამავე გადაცემების გადახვევის ჩვევას. მაგალითად ბოლო კვირაში „მთავარი არხის“ 21 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მაყურებლის დაახლოებით 33%-მა გადაახვია, წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 26%-ს. 20 საათიანი „ქრონიკის“ გადახვევის მაჩვენებელი 5%-დან 10%-ზე ავიდა, ხოლო 21 საათიანი „კურიერის“ 4%-დან 12%-ზე. 

ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილ ვითარებას დიდი ცვლილება არ გამოუწვევია ტელეყურების ხასიათში საქართველოს 7 დიდ ქალაქში. ტელევიზორის ყურების ქცევა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ბავშვების ასაკობრივ სეგმენტშიც. ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დადგენილებით სწავლა შეწყვეტილია 2020 წლის 1 აპრილამდე, თუმცა ამ მიზეზით გაჩენილ დამატებით თავისუფალ დროს ბავშვები როგორც მონაცემებიდან ჩანს ტელევიზორებთან არ ატარებენ. ბავშვების ტელეყურების ქცევა შეიძლება შეიცვალოს სამინისტროს ახალი ინიციატივის განხორციელების შემდგომ. შესაძლოა, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობით მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები შესთავაზოს.

 

ბიბლიოგრაფია:

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს. (n.d.). Retrieved from https://www.interpressnews.ge/ka/article/590715-skolebshi-ardadegebis-gaxangrzlivebis-shemtxvevashi-saministro-moscavleebs-telegakvetilebs-shestavazebs

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 19 March, 2020