საბაზისო კვლევა

საბაზისო კვლევა გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და დემოგრაფიული მახასიათებლების, ოჯახში სატელევიზიო მოწყობილობის აღწერასა და სატელევიზიო გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. საქართველოში ტელეაუდიტორიის კვლევის დაწყებამდე საბაზისო კვლევა ჩატარდა 2015 წლის მაისსა და ივნისში. საველე სამუშაო განახორციელა კვლევითმა კომპანია GORBI-მ. შერჩევის წონების გაანგარიშება მოხდა 2014 წლის ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებზე დაყრდნობით. საბაზისო კვლევა მთლიანად დამყარებულია მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე. კვლევამ მოიცვა საქართველოს 7 ქალაქი, რომელთა მოსახლეობა აღემატება 45 ათასს. ესენია :თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი. აღნიშნული 7 ქალაქის მოსახლეობა შეადგენს მთლიანად საქართველოს ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტს. ამდენად პროექტით მოცული აუდიტორია საქართველოს ქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს კიდეც მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევის ძირითად მიმართულებას. პირისპირი ინტერვიუს მეთოდით სულ გამოიკითხა 6600 რესპონდენტი (პანელის შერჩევის ზომის ათმაგი ოდენობა), აქედან დედაქალაქში 3000, ხოლო დარჩენილი 3600 რეგიონში. მონაცემების შეგროვება მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „გორბის“ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. საველე სამუშაოების ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა GPS მოწყობილობით.

კანტარ მედია სრულად იყო ჩართული და მუდმივ მონიტორინგს უწევდა საბაზისო კვლევას, კითხვარის შედგენის ეტაპიდან - საბოლოო მონაცემების დამუშავებამდე. კანტარ მედია-ს სტატისტიკოსების მიერ მოხდა პანელის პარამეტრების დაანგარიშება და შეწონვის ალგორითმის ინტერგაცია სისტემაში.